მარინა ენდელაძე – მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით უძლებს მდგომარეობას – მწვანე პასპორტების გაუქმებაც ბევრს არაფერს ნიშნავს

,.უნდა გავამკაცროთ ინდივიდუალური დაცვა. ზამთრის კურორტებზე და ხალხმრავალ ადგილებზე სტუმრობამ უფრო გაართულა მდგომარეობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული. თბილისში კურორტებზე არ დადის ხალხი, მაგრამ აქაც ძალიანაა გავრცელებული,” –  ამის შესახებ ინფქციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ,,GMTV”- სთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას უძლებს.

“მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით უძლებს მდგომარეობას, კლინიკებში გვაქვს ადგილები. გარდა ამისა, შედარებით უფრო ადრე ეწერებიან პაციენტები და ვფიქრობ, რომ გაუძლებს სისტემა ამ ეტაპზე.“ – განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება მწვანე პასპორტებს, მისი თქმით მწვანე პასპორტებმა თავის დროზე დიდი შედეგი ვერ გამოიღო.

,,ჩვენ დავინახეთ, რომ მწვანე პასპორტებმა დიდი შეღავათი ვერ მოგვცა. დავინახეთ, რომ ხდება მეორედ ინფიცირება სრულიად სხვა შტამით, სწორედ ამიტომ პასპორტებს დიდი შეღავათი არ მოუცია, მათი გაუქმებაც ბევრს არაფერს ნიშნავს.“ – აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, ენდელაძის აზრით დემოკრატიულ ქვეყნებში სავალდებულო ვაქცინაცია ვერ იქნება.

,,დემოკრატიულ ქვეყნებში ვაქცინაცია ვერ იქნება სავალდებულო. ადამიანები თავიანთი ნებით უნდა აიცრან, შეხედონ რომ აცრილებში ძალიან მსუბუქად მიდის ავადობა. არ არის ძნელი იმის მიხვედრა, რომ აცრა საჭიროა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.