დემოკრატიულ ქვეყნებში ვაქცინაცია ვერ იქნება სავალდებულო, ადამიანები თავიანთი ნებით უნდა აიცრან – ამდენი სიმკაცრეც აღარ შეიძლება – მარინა ენდელაძე

ინფქციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ,,GMTV”- სთან ისაუბრა.

ენდელაძის აზრით, კოვიდთან პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა გაზაფხულიდან უნდა ველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას.

,, არსებული ეპიდსიტუაცია სავარაუდოდ გაზაფხულიდან დასტაბილურდება. კოვიდთან პროგნოზირება ცოტა რთულია, მაგრამ ალბათ ასე უნდა იყოს.

რაც შეეხება მიზეზს, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, რა თქმა უნდა არის ახალი შტამის ,,ომიკრონის“ გავრცელება, რომელიც ძალიან მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე. უმთავრესი მიზეზი კი არის ის, რომ მოსახლეობა მაინც არ იცავს რეგულაციებს, არ დადის პირბადით და ასე შემდეგ“ – აღნიძნავს ენდელაძე.

მისივე თქმით, რეგულაციების გამკაცრება არ არის საჭირო და ადამიანები თვითონ უნდა იცავდნენ თავს.

,,ამდენი სიმკაცრეც უკვე აღარ შეიძლება. უნდა გავამკაცროთ ინდივიდუალური დაცვა. ზამთრის კურორტებზე და ხალხმრავალ ადგილებზე სტუმრობამ უფრო გაართულა მდგომარეობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული. თბილისში კურორტებზე არ დადის ხალხი, მაგრამ აქაც ძალიანაა გავრცელებული.

მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით უძლებს მდგომარეობას, კლინიკებში გვაქვს ადგილები. გარდა ამისა, შედარებით უფრო ადრე ეწერებიან პაციენტები და ვფიქრობ, რომ გაუძლებს სისტემა ამ ეტაპზე.“ – განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება მწვანე პასპორტებს, მისი თქმით მწვანე პასპორტებმა თავის დროზე დიდი შედეგი ვერ გამოიღო.

,,ჩვენ დავინახეთ, რომ მწვანე პასპორტებმა დიდი შეღავათი ვერ მოგვცა. დავინახეთ, რომ ხდება მეორედ ინფიცირება სრულიად სხვა შტამით, სწორედ ამიტომ პასპორტებს დიდი შეღავათი არ მოუცია, მათი გაუქმებაც ბევრს არაფერს ნიშნავს.“ – აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

რაც შეეხება სავალდებულო ვაქცინაციას, ენდელაძის აზრით დემოკრატიულ ქვეყნებში სავალდებულო ვაქცინაცია ვერ იქნება.

,,დემოკრატიულ ქვეყნებში ვაქცინაცია ვერ იქნება სავალდებულო. ადამიანები თავიანთი ნებით უნდა აიცრან, შეხედონ რომ აცრილებში ძალიან მსუბუქად მიდის ავადობა. არ არის ძნელი იმის მიხვედრა, რომ აცრა საჭიროა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.