კახა კალაძე – ჩანაწერში, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერებს ესაუბრება, ახალი არაფერი ყოფილა, ისედაც ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნებულია სიცრუეზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მხარდამჭერებს ესაუბრება.

როგორც კახა კალაძემ გადაცემა „შაბათის ქრონიკის“ ეთერში აღნიშნა, ამ ჩანაწერში სიახლე არაფერი ყოფილა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცოდა, რომ მათ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ ექნებოდათ.

„ეს ჩანაწერი სიახლე არ არის. ჩვენ ამ ყველაფერზე ყოველთვის ვსაუბრობდით. აღნიშნული პარტია არის ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ბოროტებაზე. ისინი კადრულობენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ მათ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნების დროს, დადგა შესაბამისი შედეგი – ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარე. მხარი დამიჭირა მე და ვარ ქალაქის მეორე ვადით არჩეული მერი, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.