„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს მელიაზე არანაირი გულისწყრომა არ ექნება“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მისი თანაგუნდელის ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერს სისულელეს უწოდებს.

მისივე თქმით, მელიას პოზიცია მიხეილ სააკაშვილმაც იცოდა და გავრცელებულ ჩანაწერზე ექსპრეზიდენტს გულისწყრომა არ ექნება.

„ეს ამბავი ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ჰგავს. ნიკა მელია იმ პოზიციით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მხარს არ უჭერდა, გულისხმობდა შემდეგს, მან იცოდა რა ეცოდებოდა სააკაშვილს, ვგულისხმობ მის დაკავებას, ჯანმრთელობის ხელყოფას, რაც პრინციპში სააკაშვილმაც იცოდა და ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე. მას ევროპელი დიპლომატები აფრთხილებდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში რეჟიმი, რა თქმა უნდა, ეცდებოდა მის დაკავებას. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება და დიდი ალბათობით არც დაინტერესდებოდა ამ სისულელის გამოქვეყნების შემდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.