ირაკლი ზარქუა – ნათელაშვილს არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ შემოსულიყო პარლამენტში, მაგრამ მან აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია და ამომრჩეველი

ნათელაშვილს არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ შემოსულიყო პარლამენტში და იმ მანდატის ფარგლებში, რაც არჩეულ დეპუტატს გააჩნია, განეხორციელებინა თავისი გამოცდილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს.

„ნათელაშვილმა აბუჩად აიგდო პარლამენტი, რეგლამენტი, კონსტიტუცია, მისი ამომრჩეველი. იმ კვირას შეიკრიბება საქართველოს უმრავლესობა და შესაბამისად მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. მას აქვს უფლება მობრძანდეს ორშაბათს, სამშაბათსაც და შემდეგ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული იმის მოხედვით მოუწევს გაგრძელება მუშაობის. შალიკოს, შალვას გადაეცით, რომ ოფისი კი არა კაბინეტი ჰქონდა და ახლაც აქვს, ჯერ არ აქვს უფლებამოსილება შეწყვეტილი. სამშაბათს სესიაზე გადაწყდება, შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება. მანამდე არანაირი ზედმეტი ოფისების გახსნა არ უნდა, ნუ ატყუებს, ნუ აფერისტობს, ახლაც აქვს კაბინეტი, სადაც არის აბრა გამოკრული, ისევე როგორც ყველა დეპუტატს ჰქონდა პირველივე დღიდან კაბინეტი, სადაც ერთი დღეც არ შესულა. ასე რომ შეეშვას ამ სისულელეებს. მობრძანდეს, ეს დღეები, ხვალ, ზეგ, მაქსიმუმ სამშაბათს, როცა ჩაინიშნება სხდომა, მას აქვს შესაძლებლობა რომ დატკბეს აქ სეირნობით. მგონია, რომ შალვასნაირი პოლიტიკოსები პარლამენტში არ უნდა იყვნენ. მე ჩემი პოზიცია მაქვს არგუმენტირებულად. ერთი დღე არ უმუშავია თავისი ამომრჩევლისთვის, არ ვამბობ საქართველოს მოსახლეობისთვის, და ამაში იღებდა ხელფასს, საწვავის ფულს, ქირის ფულს და ერთი დღე არ ჩასულა ქუთაისში. ამ მიდგომით ადამიანი ჩვეულებრივი მერკანტილისტია, ჩვეულებრივი გამომძალველია და არ არის ასეთების ადგილი პარლამენტში“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.