ხათუნა სამნიძე – კობახიძის განცხადება იმის დასტურია, რამდენად ეშინია “ოცნებას” რიგგარეშე არჩევნების და რამდენად უფრთხის დაბალ ბარიერს

კობახიძის განცხადება არის იმის დასტური, თუ რამდენად ეშინია ,,ქართულ ოცნებას” რიგგარეშე არჩევნების და რამდენად უფრთხის დაბალ ბარიერს, – ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა, მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

სამნიძის თქმით, ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სასურველ დროს მიიღოს ან საერთოდ უარი თქვას მის მიღებაზე.

,,ქართულ ოცნებას” ახასიათებს პირობის არშესრულება, ხელმოწერის უკან წაღება და შიში. საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმებულია მთელი ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება, მაგრამ ,,ქართული ოცნება” ამას იყენებს როგორც ბერკეტს, რომ თავს დაესხას ოპოზიციას, ნებისმიერ შეთანხმებას, ეს არის ,,ქართული ოცნების” სტილი. ის ცდილობს ამ პროცესით, როცა არ არსულებს შეთანხმებას და ოპოზიციას გადააგდებს ხოლმე, აჩვენოს ძალა საზოგადოებას, ეს არის მისი მოქმედების სტილი. საკონსტიტუციო ცვლილებები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, კოალიციურ მთავრობას, ეს აშინებს ,,ქართულ ოცნებას” და ის გააკეთებს ყველაფერს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღოს ან მიიღოს მაშინ, როცა უნდა თავად და აღარ ხედავს საფრთხეს,”- განაცხადა სამნიძემ.