ირაკლი ზარქუა – 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია, საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია

2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია, საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერს შეეხებოდა. დეპუტატის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება დამაჯერებელი იყო.

„მშვენივრად უთქვამს, საკმაოდ დამაჯერებლად უთქვამს. ჩვენ ვართ უმრავლესობაში, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოვედით ამ შეთანხმებიდან, მაინც გვგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმაში, ასევე საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის ვენეციის კომისიის ის ათი დასკვნა, რომელიც იყო გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას, ამასთან დაკავშირებით, გუნდში გვექნება კონსულტაცია. შესაბამისად, 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება.