სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და ევროპული რეფორმების მედროშეა პოსტსაბჭოთა სივრცეში – გუბაზ სანიკიძე

სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და ევროპული რეფორმების მედროშეა პოსტსაბჭოთა სივრცეში – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ,,მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

როგორც სანიკიძე აღნიშნავს, უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა მოსალოდნელი იყო.

„ეს მოსალოდნელი იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. დარწმუნებული ვარ მე იმაში, რომ ისინი ძალიან სერიოზულად იმუშავებენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, იმას, რაც გაუკეთეს მიხეილ სააკაშვილს, ექნება შედეგები და ის ადამიანები, ვინც მის არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მონაწილეობდნენ, ინტერპოლის ხაზით იქნებიან ძებნილები. ამ ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ. დღეს მთელი ყურადღება უკრაინას გარეშემო ტრიალებს, მიხეილ სააკაშვილის თემას დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი რეზონანსი ექნება და იმ არაადამიანებს, ვინც ისე ექცეოდა მიხეილ სააკაშვილს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკური ლიდერია, ყველა აღიარებს, რომ იგი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტუსაღი და იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს უკრაინასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი სიმბოლო და სოლისტი არის იმ ოქროს ურდოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა, რაც უკვე მთელმა დასავლეთმა დაიწყო. ეს პროცესები არ ეხება მხოლოდ ერთი პირის საქმეს, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხია დასავლეთისთვისაც, რადგან სააკაშვილი იყო ევროპული რეფორმების მედროშე პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებების დარღვევა დაადგინა.