„ჩემი ერთ-ერთი უპირველესი პრინციპი საჯაროობა და გამჭვირვალობა იქნება“

რუსთავის #29 საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე აქტიურ მუშაობას შეუდგა. უკვე ფუნქციონირება დაიწყო მაჟორიტარის  ბიურომ. დეპუტატმა შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომლის პრეზენტაცია “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის”  რუსთავის ოფისში გაიმართა.

პრეზენტაციაზე  განხილული იყო მაჟორიტარი დეპუტატის მოქალაქეებთან ურთიერთობის მოდელი, რომელიც ეფექტური კომუნიკაციისა და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების სქემას ეფუძნებოდა;

– მაჟორიტარი დეპუტატი არანაკლებ ორ თვეში ერთხელ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოიწვევს შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელზედაც მიმოიხილავს გაწეული მუშაობის შედეგებს;

– შეიქმნა მონაცემთა კონსოლიდირებული ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან სტატისტიკურ და ანალიტიკურ მასალას;

– ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მაჟორიტარის ბიუროს ურთიერთობა წარიმართება საქმიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის პრინციპის გათვალისწინებით;

– განხორციელდება საპარლამენტო კონტროლის კანონით გათვალისწინებული პროცედურები;

– მოქალაქეებტან შეხვედრაზე განიხილა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის სრულყოფის გზები;

– აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების საკითხში პარლამენტის მაჟორიტარი წევრის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე;

 -„ეს გახლავთ პირველი ღონისძიება ქალაქში მას შემდეგ, რაც ჩემი უფლებამოსილება ოფიციალურად იქნა დადასტურებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩემი სურვილი იყო, თავიდანვე მომენიშნა ჩემი, როგორც ქალაქის მაჟორიტარის საქმიანობის პრიორიტეტები. ერთ – ერთი უპირველესი პრინციპი ჩემი და მაჟორიტარის ბიუროს საქმიანობისა იქნება საჯაროობა და გამჭვირვალობა. მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობა იქნება ჩემი მუშაობის ორგანული ნაწილი. მსურს, დავაანონსო ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი – თვეში ერთხელ მოგიწვევთ შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელზედაც მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარვუდგენ თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშს და ვუპასუხებ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრებს შორის პერიოდში, მოქალაქეებისგან  ველოდები წინადადებებს, შენიშვნებს, ჯანსაღ და საქმიან კრიტიკას“-აცხადებს პაატა მხეიძე.

რაც შეეხება  ბიუროს საქმიანობას, ფორმატი იქნება ასეთი- ბიურო იმუშავებს ყოველდღე დილის 10 საათიდან 19 საათამდე; მოქალაქეთა მიღება იწარმოებს არასასესიო კვირის ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 11-დან 19 საათამდე. ამ დღეებში დეპუტატი პირადად შეხვდება მოქალაქეებს.

 – არასასესიო კვირის დანარჩენ დღეებში ჩვენ გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან უშუალოდ ადგილზე;  მოეწყობა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებთან, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;  უშუალო შეხვედრის გარდა, ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, ბიუროს მიმართოს წერილის, განცხადების, წინადადების სახით წერილობით ან ზეპირი ფორმით. თითოეული ასეთი მიმართვა იქნება აღნუსხული და მათზე მოხდება რეაგირება– დასძინა პაატა მხეიძემ.

კომენტარის დატოვება