კოკა კაციტაძე ხატია დეკანოიძეს – მითხარით, რომელი იყო პოლიტიკური – ფოტოგრაფების საქმე? კობა დავითაშვილის ცემის საქმე? „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?

დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმით, რომ პროკურატურაში ვმუშაობ და გახმაურებულ საქმეებზე სპიკერი ვიყავი, არის ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა ვიყავი პროკურორი კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეზე, ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს და გადამალეს, – ასე უპასუხა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა, კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვას – „თქვენი სამართლებრივი მსოფლმხედველობა ეწინააღმდეგებოდა იმ საქმეებს, რომელიც იყო 2007 წლიდან 2012 წლამდე. რა ამოტრიალდა თქვენში ისეთი, გარდა პოლიტიკური ხელისუფლებისა, რომ შემდეგ თქვენ ამ საქმეებზე მთავარი ბრალმდებელი გახდით და მაშინ ამ საქმეებზე კონკრეტული პრეტენზია არ გამოგითქვამთ. გარდა ამისა, ეს ჩემში აჩენს დიდ შეკითხვას, რაც გულისხმობს თქვენს მიერ დამოუკიდებლობის ხარისხს“,- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

როგორც კაციტაძემ განაცხადა, ის არასდროს ყოფილა სახელმწიფო ბრალმდებელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელსაც „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ.

„ამ საქმეს არ ჰქვია „პიჯაკების საქმე“, ჰქვია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და მე ამ საქმეზე არასდროს არ ვყოფილვარ. ჩამოგითვლით საქმეებს და თქვენ მითხარით, რომელი იყო აქედან პოლიტიკური – ფოტოგრაფების საქმე იყო პოლიტიკური?! კობა დავითაშვილის ცემის საქმე იყო პოლიტიკური? ალბათ, გემახსოვრებათ, როგორ გაიტაცეს ელიავას ბაზრობიდან ადეიშვილის დავალებით სპეცრაზმის თანამშრომლებმა და ფაქტობრივად მომაკვდავი გორის სამხედრო ჰოსპიტალში როგორ შეიყვანეს და გადამალეს, აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმე იყო პოლიტიკური?! სადაც ადამიანებმა კრედიტი გამოიტანეს ბანკიდან და მერე მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით დაიბარეს და ღვინის ქარხანა ჩამოართვეს. 2011 წლის მაისის აქციიდან გატაცებული ხალხი, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში რომ შეიყვანეს, 15 ადამიანი, მაისურების გახდას აიძულებდნენ, არეცხინებდნენ იატაკს და მერე ამ ტალახიან მაისურებს აცმევდნენ. „კაპეზეში“ „მიშა მაგარიაზე“ რომ ამღერებდნენ, ეგ საქმე იყო პოლიტიკური?! მე ამ საქმეებზე ვმუშაობდი და ღიად და გამჭვირვალედ შემიძლია დიდხანს ვისაუბრო. დამოუკიდებლობის ხარისხის შემოწმება იმით, რომ მე 2007-დან 2012 წლამდე რიგითი პროკურორი ვიყავი და რაღაც საქმეებზე თითქოს თვალს ვხუჭავდი, ასევე, დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმიტომ, რომ მე ამ პროკურატურაში ვმუშაობ და სპიკერი ვიყავი საზოგადოებისთვის გახმაურებულ საქმეებზე, ეს არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის, რაც არ გამოგივათ რადგან ამაში არც ლოგიკაა და არც რაიმე საფუძველი გაგაჩნიათ“, – განაცხადა კაციტაძემ.