ალუდა ღუდუშაური: პარლამენტს და საპარლამენტო საქმიანობას კომკავშირს უწოდებს ნათელაშვილი – ეს ძალიან სამარცხვინოა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ

როცა საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, შემახსენეთ – ჩვენ ვაიძულებდით ბატონ ჯაფარიძეს, რომ თაღლითობა ჩაედინა, როგორც ეს სასამართლომ თქვა თავის გადაწყვეტილებაში? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამი დეპუტატიდან პრაქტიკულად ორი ისედაც არ დადიოდა პარლამენტში და ისინი დიდი ხანია პოლიტიკური ცხოვრებას გამოთიშული არიან.

„როცა საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და უფლებამოსილებას იმიტომ ვუწყვეტთ, რომ საგამოძიებო კომისიის 50- ე მხარდამჭერი ოპოზიციონერია ბადრი ჯაფარიძე, შემახსენეთ – ჩვენ ვაიძულებდით ბატონ ჯაფარიძეს, რომ თაღლითობა ჩაედინა, როგორც ეს სასამართლომ თქვა თავის გადაწყვეტილებაში? თუ ნათელაშვილს ჩვენ ვაიძულებდით კომიკური განცხადებების კეთებას და განცხადების შემოტანას, რომ არ სურს საპარლამენტო საქმიანობა? გნებავთ ხოშტარია ჩვენ ვაიძულეთ? პარლამენტს და საპარლამენტო საქმიანობას კომკავშირს უწოდებს ნათელაშვილი, ხოლო თავის ფანჩატურში თავს კომფორტულად გრძნობს და პოლიტიკურ ფალავნებს ხელის აწევით ესალმება, ეს არის ძალიან სამარცხვინო და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს.