,,თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და „გაფარჩაკდებით“ – კახა კალაძე ოპოზიციას

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის გადაწყვეტილებამდე მერია აღნიშნულ კომპანიას თანხას არ გადაურიცხავს. ამასთან, კალაძე გამოეხმაურა, მისივე შეფასებით, ე.წ. პოლიტიკოსების განცხადებებს და აღნიშნა, რომ „მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე – მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან“.

„ამ დღეებში ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და მინდა განმარტებები გავაკეთო. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ არავის გავუტარებთ სიცრუეს და იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. კონკრეტული ტყუილები ეხება მეტროს ტენდერთან დაკავშირებულ სიტუაციას. ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა. როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისას გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც – თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერი გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს – ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და რამდენიმე ეტაპია და ჩვენს მოგვიწია ამ ეტაპების გავლა. 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებენ ომს და სანქციებს, მოვისმინეთ რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე და მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. როცა ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემო კარგებო, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი“, – განაცხადა კალაძემ.