2008 წელს, პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტისას, უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო, ახლა კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა, ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება – ირაკლი ქადაგიშვილი

სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. რა ვითარება იქნება კიევში და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ალბათ ეს ცალკე განხილვის საგანი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა მათ შორის ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა.

„სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. ალბათ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი იქნება. უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოცხადებული გვაქვს. ეს სოლიდარობა ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა. კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ ცალკე განხილვის საგანი იქნება. პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო. ახლა კიევში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორის გახსნა ლოკალურად ხდება, კიევი საბრძოლო მოქმედების ზონაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.