თამარ გაბუნია – ,,ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 1300 პაციენტი, 293 კი რეანიმაციულ განყოფილებაში. მისივე თქმით, დღეს დაფიქსირებული 19 000 შემთხვევა სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ ინფიცირების პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა.

,,პაციენტების ნაწილი, რომელიც დღეს კლინიკებში რჩება ინფიცირებულია დეკემბრის ბოლოს ან იანვარში, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს „დელტა შტამთან“, რომელიც შედარებით რთულად მიმდინარეობს. 19 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამ დილით, რაც სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა, რაც იმედის მომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს დაკვირდევება სანამ გვექნება საფუძველი ვთქვათ რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში.

ტესტირების პროგრამა გრძელდება, 60-65 000 ტესტი კეთდება დღის განმავლობაში და გამოვლენის ინტენსივობაც აქედან გამომდინარე მაღალია. დადებითობის მაჩვენებლის კლება ყველაზე თვალსაჩინოა აჭარაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.