არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას ვარწმუნებდით, საპარლამენტო სიები არ გაეუქმებინათ, დღეს საზოგადოებისთვის თავის შეცოდებას ცდილობენ, არ ვაპირებთ ამ სიების აღდგენის განხილვას

ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს მხარს დაუჭერს რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და აღნიშნული  გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

მისივე თქმით, დროა ,,ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ გადაწყვეტილებებს.

„მანდატებთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობის შიგნით მსჯელობა, რომელიც არ შეიცვლება. დღეს კენჭისყრით სწორედ გავაფორმებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ შემთხვევებში, შეწყდეს მანდატი, ვინაიდან თითოეულ შემთხვევაში გვაქვს ამის კანონიერი საფუძველი. კანონმდებლობა და პარლამენტის რეგლამენტი სწორედ გვავალდებულებს, რომ მივიღოთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მანდატების შეწყვეტას დღეს „ქართული ოცნება“ დავუჭერთ მხარს. ამის შემდეგ, იცით რომ ოპოზიციას პარლამენტში რჩება 60-ზე მეტი წარმომადგენელი. შესაბამისად, მათ შეეძლებათ, სრულად განახორციელონ თავისი უფლებამოსილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებაზე, რომელმაც დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენა მოითხოვა.

„ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად დესტრუქციულია მათი მოქმედებები არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მათთვისაც; მიიღეს ნაჩქარევი, არასწორი გადაწყვეტილება თავის დროზე. ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო უკანა გზის მოჭრა. დღეს სწორედ მათ სურთ უკან დაბრუნება და საკუთარი გადაწყვეტილების გამო ამას ვერ აკეთებენ. ამიტომ, როდესაც მათ პრეტენზია აქვთ ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსზე, დროა, პასუხისმგებლიანად მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს. როდესაც რაღაც გააკეთეს, რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს, ყველა არწმუნებდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ, დღეს საპირისპირო ბრიფინგებით თავის შეცოდებას არ უნდა ცდილობდნენ საზოგადოებისთვის. არ ვაპირებთ ამის განხილვას, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლით ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ოთხი დეპუტატის – კახა კუჭავას, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.