მიხეილ სააკაშვილი – სამ დეპუტატს უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილის და ელენე ხოშტარიასთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის საკითხს ეხმაურება.

როგორც სააკშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს.

“პარლამენტში, კომისიის შექმნის წინ, სამ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3 ხმა. შეგახსენებთ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს.

1. მინისტრი ტიკარაძე პრაქტიკულად ჩემს საქმეს გადაჰყვა;
2. ლონდა თოლორაიას მოსახსნელად ცალკე კანონი მიიღეს;
3. მოხსნეს გორის ჰოსპიტლის დირექტორი, ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელი და დააქვეითეს ჩემი მკურნალი ექიმი;

4. მოხსნეს ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწვეული ნევროლოგის მეუღლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოხსნეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაეთანხმა სახალხო დამცველის და “ემპათიას” კონსილიუმების დიაგნოზს.
და ეს ყველაფერი მოხდა “ოცნების” მოლაპარაკე თავების უტიფარი მტკიცების ფონზე, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი და არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონია,” – აცხადებს მესამე პრეზიდენტი.

ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.

ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საპარლამენტო მანდატის გაუქმებას 77 დეპუტატმა დაუჭრა მხარი, ხოლო 38 წინააღმდეგ წავიდა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში 79 მომხრე იყო, ხოლო 28 წინააღმდეგი. ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი, 9 – წინააღმდეგი იყო.