ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.

ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ იმისათვის, რომ თანხა გაიცეს, ქვეყანამ უნდა აჩვენოს პროგრესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში.

ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეფექტური დემოკრატიული მექანიზმები, მათ შორის მრავალპარტიული საპარლამენტო სისტემა და კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ასევე არის თანხის გაცემის წინაპირობა.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ასევე ეკონომიკურად. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაზე ძლიერ ეკონომიკურ გავლენას ახდენს. წევრი ქვეყნები მზად არიან უზრუნველყონ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ კომისიის წინადადებას, რათა ფინანსური დახმარება უკრაინამდე შეუფერხებლად მივიდეს“, – აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა.