,,ფოთში, დედამ ახალშობილი ჩვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა” – ფოთის სასამართლომ ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე გადაიყვანეს ფოთის სასამართლოში.

პროკურატურის მტკიცებით, ქალმა ახალდაბადებული ჩვილი ჯერ გაგუდა შემდეგ კი უნიტაზში ჩარეცხა.

,,პროკურატურამ ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურამ, ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ ქალს ბრალი ახალშობილის განზრახ მკვლელობაზე აქვს წარდგენილი, თუმცა მისი მტკიცებით ფაქტობრივი გარემოებები სხვანაირად არის. ადვოკატი არ აკონკრეტებს რა გარემოებებს გულისხმობს.

ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.