საქსტატი – საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4%-ით, 19%-მდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.2 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.7 პროცენტული პუნქტით. ხოლო, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.5 და 1.9 პროცენტული პუნქტით.