ანრი ოხანაშვილი: ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“

აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა გახარიასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით – გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელია.

„ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი. გახარია გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბალისად. მან პატივი სცა არა სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს არის ფაქტი და იგი დასტურდება მათი კუალიციით საკრებულოებში. ეს ფაქტი დასტურდება ასევე „ნაციონალურ მოზრაობის“ ლიდერების განცხადებებით. როდესაც რამდენიმე თვის წინ ისინი გახარიას მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ეპითეტით და გამორიცხავდნენ მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ გავიდა რამდენიმე თვე და ამ რამდენიმე თვეში შესაძლებელი გამხდარა მასთან თანამშრომლობა. ეს კრავს იმ წრეს, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამბობდით – გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.