ახლა საქმე ეხება რუსეთის შენარჩუნებას, როდესაც ყოველწლიურად სულ ახალ და ახალ სანქციებს გვიწესებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და სახით მიწაზე გვათრევენ – ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს. ამის შესახებ განცხადება ჟირინოვსკის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.

ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ მან დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს, რადგანაც „დასავლეთი რუსეთის სახით მიწაზე თრევას აპირებს“.

ჟირინოვსკი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთის წინაშე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას. „ახლა საქმე ეხება რუსეთის შენარჩუნებას, საუბარია იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში, ვიცხოვრებთ, რამდენად თავისუფლები ვიქნებით, შევწყვეტთ თუ არა მუდმივი სტაგნაციის პროცესს, როდესაც ყოველწლიურად სულ ახალ და ახალ სანქციებს გვიწესებენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ და სახით მიწაზე გვათრევენ “. – წერს ჟირინოვსკი.