„დეჟა ვუს” შეგრძნება მაქვს, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით – მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს არამარტო საქართველო ან უკრაინა არის აქ ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა

ვერ ვიქნები საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. ორი ტერიტორია გვაქვს ოკუპირებული, ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, საქართველოს მთავრობა გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი არ არის იოლი დასაბალანსებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, უკრაინის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის თაობაზე „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, „ბიბისის“ ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, ხედავს თუ არა, 2008 წლისა და 2022 წლის სცენარებს შორის მსგავსებას.

„უპირველეს ყოვლისა, „დეჟა ვუს” შეგრძნება მაქვს, განსხვავება, რა თქმა უნდა, არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2021-2022 წლებშია. ელემენტები აშკარაა განსხვავების, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, შესავლის გარეშე. დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ პუტინმა განაცხადა ტელევიზიით, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არამარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებელია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს არამარტო საქართველო ან უკრაინა არის აქ ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში ამ წუთებში საერთაშორისო მედიას ხვდება. განხილვის ძირითადი საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია.