ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე პარლამენტში შემოტანილი ცვლილება მორიგი სისულელეა – ანა წითლიძე

შემოტანილი ცვლილება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს უკავშირდება, მორიგი სისულელეა – „ქართულ ოცნებას“ კვლავ რჩება ბერკეტი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ერთპიროვნულად დანიშნოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

„შემოტანილი ცვლილება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს უკავშირდება, მორიგი სისულელეა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, რადგან რეალურად არაფერი იცვლება. მოცემულობა იგივე რჩება – 76 ხმის მობილიზება მარტივად შეუძლია „ქართულ ოცნებას”, ამიტომაც შინაარსობრივად არაფერი იცვლება, ცვლილებები იმისთვის დასჭირდათ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თავი გაიმართლონ. ამ საკანონმდებლო ცვლილებას აქვს ერთადერთი მიზანი პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ შეზღუდონ. ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები დიდი ხანია პარტიული დანაყოფები არიან და ამ ცვლილებით, რაც წარმოადგინა „ოცნებამ“ და გვიმტკიცებს, რომ ეს უკეთესი ვარიანტია, ბერკეტი რჩება „ქართულ ოცნებას“, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე საერთოდ არ წარმოადგენს ლეგიტიმურ პირს, რომელსაც შეუძლია კანდიდატურები წარმოადგინოს”,– განაცხადა ანა წითლიძემ.