რა საკვირველია, პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებში მთავრობასთან შეუთანხმებელი პოზიციით წასვლა კონსტიტუციის დარღვევაა – გია ვოლსკი

„კანდიდატის სტატუსის მიღებას ხალხი იმსახურებს, მაგრამ მთავრობა არ იმსახურებს“, ეს ის ფორმულაა, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა, ხოლო გაცილებით უფრო მძიმე ენითა და შეფასებებით 26 მაისს ისაუბრა – რა საკვირველია, მისი საგარეო ვიზიტებში მთავრობასთან შეუთანხმებელი პოზიციით წასვლა კონსტიტუციის დარღვევაა, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი დარღვეულია! რეალურად იმისკენ მოგვიწოდებენ, რომ კონსტიტუცია გვერდით გადავდოთ. რა შედეგი მოუტანა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე კანონების გვერდზე გადადებამ, ჩვენ ეს კარგად დავინახეთ. ამას თავისი პოლიტიკური შემადგენელიც აქვს – არ შეიძლება კანდიდატის სტატუსის მიღებაზე სწუხდეს და ზრუნავდეს, როდესაც აშკარად, ღიად კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევით კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ გამოდის. დარწმუნებული ვარ, თქვენც – ავტორიტეტული მედიის წარმომადგენლები რომ ჩასულიყავით ვალტერ შტაინმაიერთან, პრეზიდენტ მაკრონთან და ნებისმიერ სხვასთან, ვისთანაც სალომე ზურაბიშვილი იყო მისული, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე რომ დაგესვათ საკითხი, საქართველო იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობას და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღებას, თქვენც ზუსტად იგივე პასუხს მიიღებდით. არსებობს დიპლომატიურ პოლიტიკური ეტიკეტი, რომელსაც დაცვა სჭირდება”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.