თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ სტაბილური პოლიტიკური ვითარება ვერ უზრუნველყო, ოპოზიციას ექნება ღია მხარდაჭერა დასავლეთისგან – მამუკა არეშიძე

თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ სტაბილური პოლიტიკური ვითარება ვერ უზრუნველყო, ოპოზიციას ექნება ღია მხარდაჭერა დასავლეთისგან –  ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ პირდაპირ გააპროტესტონ არჩევნების შედეგები.

,,მე მაინც ველოდები არჩევნების შემდეგ დაძაბულ ვითარებას. ვიყავი რამოდენიმე რეგიონში არჩევნების წინა დღეებში საკუთარი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე, ეროვნული და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიაზე  და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არჩევნები არ არის ქვეყანაში. დასკვნა ჩემთვის ასეთია, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ პირდაპირ გააპროტესტონ არჩევნების შედეგები. მათთვის მთავარია, რომ დაიწყონ აქტივობა, ამაზეა მთელი აქცენტი. სულ რომ ცამდე მართალი იყოს მმართველი ძალა, რაც პრაქტიკულად ძალიან რთული შესასრულებელია დღევანდელ ვითარებაში, ოპოზიცია მაინც გამოვა და იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა.

,,ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაუაზრებელი და მოუზომელი ნაბიჯებით, დასავლური პოლიტიკური სპექტრი განაწყო თავისი თავის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე აუცილებლად შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ექნება დასავლეთის გარკვეული ძალების იმედი. საქართველოს აქ სჭირდება სტაბილური ვითარება. რაც არ უნდა ილაპარაკონ სასამართლო სისტემის მანკიერებაზე, სხვა შეცდომებზე მმართველი ძალის, მთავარი არის სტაბილური პოლიტიკური სისტემის შექმნა. თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ სტაბილური პოლიტიკური ვითარება ვერ უზრუნველყო, ოპოზიციას ექნება ღია მხარდაჭერა დასავლური პოლიტიკური წრეებისაგან. ამას უნდა აარიდოს თავი ოცნებამ. ერთის მხრივ არჩევნები არ უნდა ჩაითვალოს გაყალბებულად და მეორეს მხრივ ,,ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს ხმების ის რაოდენობა, რაც აარიდებს მას დასავლეთთან ყოველგვარ კონფლიქტს” – აღნიშნავს მამუკა არეშიძე.