ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა – გიორგი გრიგოლია

ეკატერინე ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ექიმის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

„საბოლოოდ ჩამოყალიბება უნდოდა ჯანდაცვის სამინისტროს, რამდენად შესაძლებელია სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება. გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანა – გადმოყვანის შესახებ რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს. კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო, არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს, ალბათ, სააკაშვილის გადაყვანა.

ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის. ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა პოლიტიკური მოღვაწე და დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია გადაყვანა“, – განაცხადა ექსპერტთა ჯგუფის წევრმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამ წუთებში ჯანდაცვის უწყებაში მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია იმყოფება. ალასანიას თქმით, მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.