პაატა მანჯგალაძე – საქართველოში კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დავასრულოთ

საქართველოში კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურში მხარს დაუჭერენ ოპოზიციურ კანდიდატებს.

„თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაცია არ გვქონია. ალბათ, ამის მიზეზია ის, რომ სამწუხაროდ, თბილისში შესაბამისი შედეგი არ გვქონია. დანარჩენ ათ ოლქში ბარიერი გადავლახეთ და მზად ვართ, ოპოზიციასთან ვითანამშრომლოთ. მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს, ნომრის მიუხედავად. ყველა ნომერს დავუჭერთ მხარს, ვინც არ არის 41. მათ შორის – 5-ს. თუ ხარ ნამდვილი ოპოზიცია, მხარი უნდა დაუჭირო ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენმა მესამე ძალის იდეამ დაბალი მხარდაჭერა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ამის ანალიზს გავაკეთებთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.