დონალდ ტრამპი: ძალიან კარგად ვიცნობ პუტინს და ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ის არასოდეს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განხცადებით, სწორი მიდგომის შემთხვევაში ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთოდ არ განვითარდებოდა. თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის განცხადება მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმერ პუტინს და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის არასოდეს იზამდა იმას, რასაც ახლა აკეთებს – არცერთ შემთხვევაში! ბაიდენის პრეზიდენტობის დროს რუსეთი ძალიან გამდიდრდა, ნავთობის ფასი გაორმაგდა, მალე კი გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ნავთობის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პუტინი კი არა მხოლოდ იღებს ყველაფერს, რაც ყოველთვის სურდა, არამედ ამასთანავე მდიდრდება კიდეც. ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკა ენერგოდამოუკიდებელი იყო, საწვავის ფასები კი დაბალი იყო. ახლა ჩვენი ქვეყანა სრულ ქაოსშია“, – აცხადებს ტრამპი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.