იაგო ხვიჩია: მე მგონი არ არის რელევანტური ვიყოთ უფრო მეტად აქტივისტები, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ზედმეტად პატარა ქვეყანა ვართ ამისთვის

პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი ის არის, რომ მარტო არ დარჩე არც სანქციების დაკისრების და არც სანქციების არ დაკისრების ნაწილში. ისე უნდა მოიქცე, როგორც შენი პარტნიორები, შენი გუნდი მოქმედებს, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ უკრაინის კრიზისზე საუბრისას განაცხადა. „გირჩის“ ლიდერის თქმით, საქართველო ამისთვის ზედმეტად პატარა ქვეყანაა.

„ჩემი აზრით, ჩვენ არ ვართ ისეთი გიგანტური ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გავლენას მოახდენს უკრაინის კონფლიქტზე. ამიტომ ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ მეგობრებთან ერთად ვიმოძრაოთ, მათთან შეთანხმებით და ისე, რომ მომავალში მათთან მისასვლელი პირი გვქონდეს, თორემ დამოუკიდებელი ინიციატივა გამოვიჩინოთ და ვიყოთ უფრო მეტად აქტივისტები, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მე მგონი არ არის რელევანტური ჩვენი გადმოსახედიდან. ზედმეტად პატარა ქვეყანა ვართ ამისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა. დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, გერმანიამ კი გაზსადენი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მიიღეს, შემდეგ კი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ვაშინგტონში განაცხადეს.