იენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მკაცრად გმობს რუსეთის უგუნურ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც რისკს უქმნის უთვალავი მოქალაქის სიცოცხლეს.

„ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა და დიპლომატიაში ჩასართავად დაუღალავი ძალისხმევის მიუხედავად, კიდევ ერთხელ რუსეთმა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის გზა აირჩია.

ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი სამხედრო ქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის ცნობით, ალიანსის წევრები შეიკრიბებიან რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგებზე რეაგირებისთვის.

„ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს. ნატო გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ყველა მოკავშირის დასაცავად“, – აღნიშნავს გენერალური მდივანი.