ნატო: განვათავსებთ დამატებით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში – რუსეთი ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს გადაიხდის – NATO

NATO-ს გაცხადებით, მაქსიმალურად მკაცრად გმობენ რუსეთის შემზარავ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებულია. ნატო ასევე გმობს ბელარუსის ქმედებას ამ თავდასხმის ხელშეწყობისთვის.

NATO აცხადებს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალებს აგზავნის.

“ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო აქტივებს. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა ყველა გაუთვალისწინებელ გარემოებაზე პასუხისთვის.

დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, დავიცვათ ყველა მოკავშირე, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური”, – წერია განცხადებაში.