ჩვენ მალე გავავრცელებთ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას უკრაინის რადას მიმართ – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატები უკრაინის რადასადმი მიმართვას გაავრცელებენ.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს რადას ყველა იმ წევრს, რომელიც დღეს კიევისთვის უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული.

„უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც ჩართულია მთელი ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ცივილიზაციისთვის ბრძოლაში გუშინ პირადად მოიცალა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მადლობა გადაეხადა, ღიად ეთქვა, რომ დიახ, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტმა, არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ უბრალო უკრაინელმა ხალხმა ვინც დღეს, ახლა, ოკუპანტს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე და იცავს საკუთარ მიწა-წყალს მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს. მათ სრულად გაიგეს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ გამოხატავენ საქართველოს სამარცხვინო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას. ჩვენი, დიდი უმრავლესობის პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვხატავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის პოზიციას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას, რითაც ის ქართველებს მიმართავს,რომ „ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა“, დეკანოიძის თქმით, ახლა არ უნდა დავიწყოთ შეფასებები იმ ადამიანებზე, ვინც ძალიან მძიმე ბრძოლაშია ჩაბმული, მათ შორის კიევისთვის.

„ჩვენ მალე გავავრცელებთ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას უკრაინის რადას მიმართ. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი მხარს ვუჭერ, სოლიდარობას ვუცხადებ რადას ყველა იმ წევრს, რომელიც დღეს ჩაბმულია კიევისთვის უთანასწორო ბრძოლაში. ამიტომ, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ დღეს უკრაინაში წყდება მთელი ევროპის უსაფრთხოების ბედი და რა თქმა უნდა, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბედი. მე ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, მე არ ვაფასებ უკრაინელ ხალხს, მხოლოდ სოლიდარობას ვუცხადებ დიახ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა, რუსების წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.