ვის მოაკლდება ეს შემოსავალი? ჩვენს ხალხს – საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები?! – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა შემოსავლები, რომელთაც, მისი თქმით, საქართველო იღებს რუსეთის ბაზრიდან, რუსეთში მცხოვრები ქართველებისგან და რუსეთთან დაკავშირებული სხვა წყაროებიდან.

“მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, თუ რას ნიშნავს და რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა…

2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტი, ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. ეს არის 2.2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი.

ასევე მინდა გითხრათ, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი. ამის შემდეგ, ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლებში, 5 წელიწადში, მიიღო 3 მილიარდი დოლარი შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში.

1 მილიონი ქართველი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვების ჯამური ღირებულება შეადგენს 500 მილიონს. ანუ ჯამურად ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა, რუსეთიდან გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან.

ჯამურად ეს რომ მოვთვალოთ, ეს გამოდის 12 მილიარდზე მეტი ბოლო 7-8 წელიწადში”, — დასძინა მან.

ღარიბაშვილის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს შეერთების შემთხვევაში, შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას მოაკლდება.

“მე კითხვას ვსვამ მეგობრებო, როცა საუბარი არის სანქციების დაწესებაზე და რა თქმა უნდა, მე მინდა, ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა: ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი.. ყველა არის ჩართული ამ პროცესში.

ანუ, რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ვის მოაკლდება ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება 1 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ გადმორიცხვას, მაგალითად რომ ვთქვათ, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს” – განაცხადა ღარიბაშვილმა.