რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი – ირაკლი კობახიძე

რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება უკრაინის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს მიერ რუსული კონტრაბანდული ტვირთის გატარება ხდება, კობახიძემ ასე უპასუხა: „ზუსტად იგივე ნაბიჯებს, რასაც ვდგამთ ხოლმე, როცა სხვა ტიპის „ფეიკ-ინფორმაცია“ ვრცელდება“.

„როცა „ფეიკი“ ვრცელდება, მას უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში უნდა გადაიდგას. მტკიცებულება შეიძლება წარადგინონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ. ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.