ირაკლი კობახიძე – ძალიან ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლების, განსაკუთრებით პრემიერის წინააღმდეგ იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს და ახლა სურთ 2008 წლის განმეორება

სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მძიმე ფონზე, ძალიან ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლების განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ამ კამპანიის ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები თავის დროზე ჩააბარეს რუსეთს, მას გადასცეს სტრატეგიული ობიექტები და ახლა სურთ, პირდაპირ ვიტყვი, 2008 წლის განმეორება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ამის საშუალებას არ მიეცემა და მათ ქმედებას სათანადო პასუხი გაეცემა.

„შევეხები მნიშვნელოვან საკითხს, რაც არის სანქციები. როდესაც შენ სხვა ვერ უქმნი პრობლემას სანქციებით და პირიქით, შენს ხალხს აყენებ უმძიმეს მდგომარეობაში, ასეთ დროს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა არის გაუმართლებელი და სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ყველას კარგად ესმის, რომ სამწუხაროდ, ამ საკითხსაც ჩვენი ოპონენტები სპეკულაციებისთვის იყენებენ. ამ ურთულეს ვითარებაში ყველაფერი კეთდება, რომ დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და სახელმწიფო, ეროვნული ინტერესები. სამწუხაროა, რომ ამ ძალიან მძიმე ფონზე ძალიან ბინძური კამპანია წარმოებს ხელისუფლების განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. იმ დროს, როცა ყველა უნდა იყოს გაერთიანებული, ჩვენ ვხედავთ ასეთ ძალიან მძიმე კამპანიას. ამ კამპანიის ავტორები არიან ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიები თავის დროზე ჩააბარეს რუსეთს, მას გადასცეს სტრატეგიული ობიექტები და ახლა სურთ, პირდაპირ ვიტყვი, 2008 წლის განმეორება და თითოეული მათი პროვოკაცია მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ადამიანები, რომლებიც თავად არიან ორჯონიკიძეები, ბოლშევიკები, მეხუთე კოლონა, შულავერის კომიტეტი, ასეთი ეპითეტებით ამკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, ამას ექნება სათანადო პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას და იდგება ჩვენი უსაფრთხოების, სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა კობახიძემ.