ევროკავშირში წევრობის განაცხადს გავაკეთებთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება და გვექნება ხვალ? – გაკეთდება, გვექნება ზეგ? – გაკეთდება! – ანრი ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება დაანონსებული აქვს 2024 წელს, თუმცა, თუ ამის გაკეთების საშუალება ექნებათ, ამას უფრო ადრე გააკეთებენ.

მისივე თქმით, დასავლეთთან მეტად დაახლოებისთვის შესაბამისი მიმართულების კომიტეტები აქტიურად მუშაობენ, თუმცა საჯაროდ ყველა საკითხს ვერ დააფიქსირებენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დააგვიანდა. მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა. ჩვენ კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი. ასევე, ოფიციალურად გვაქვს დაანონსებული, რომ 2024 წელს გავაკეთებთ განაცხადს, თუმცა, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, ბევრად ადრე, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ მოლაპარაკებებს ყველა მიმართულებით. შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ, ღიად ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც თქვენ ამის ინტერესი შესაძლოა გქონდეთ, თუმცა, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში მუდმივად, შესაბამისი მიმართულების კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე, ამიტომ როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება და გვექნება ამის შესაძლებლობა ხვალ? – გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავახლოვდეთ კიდევ უფრო მეტად, გვექნება ზეგ? – გაკეთდება ეს,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.