ელჩის გაწვევა მაშინ, როცა ჩვენი ელჩი იქ არის, ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს – კითხვა ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ამ უმძიმესი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ – გია ვოლსკი

რასაკვირველია, კითხვა ჩნდება, ზელენსკის მიერ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ამ უმძიმესი ვითარებით ისარგებლა ვიღაცამ და პროვოკაცია მოახდინა ჩვენი და უკრაინის დაპირისპირების ელემენტის შემოტანით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის გადაწყვეტილებას, რომელმაც კონსულტაციებისთვის საქართველოდან ელჩი გაიწვია.

ვოლსკის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა.

„მე დარწმუნებული ვარ, ამ კონსულტაციების დროს განიხილება შემდეგი ფაქტორი – საქართველოს ათასობით მოქალაქე აგროვებს სისხლს და კიდევ გროვდება დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. საქართველო იმყოფება ტანკის ლულის სამიზნე მდგომარეობაში და ათასობით მოქალაქე არის მძევალი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეკონომიკურ სანქციებზე საუბრებამდე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მძლავრ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ მარტო, სხვა პოლიტიკური სუბიექტების და დელეგაციების წარმომადგენლების გარეშე. ამ ვითარებაში გაწვევა ელჩის მაშინ, როცა ჩვენი ელჩი იქ არის ტყვიების ქვეშ, დამატებით კითხვებს წარმოშობს და დიდი იმედი მაქვს ამ კონსულტაციების დროს გაეცემა ყველაფერს ამომწურავი პასუხი.

საქართველოს არავითარი რესურსი არ აქვს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს და რუსეთს ყველანაირი რესურსი აქვს, რომელიც ხელში გადასცა და ჩაახუტა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, ტერიტორიების ოკუპაციის არ იყოს, მოღალატეობრივ განცხადებაზე ხელმომწერები დღეს ჭკუას გვარიგებენ და გვამუნათებენ. მოხალისეებს რაც შეეხება, პირდაპირი თუ ირიბი სამხედრო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში, იმ რესურსის გარდა, რომელსაც მობილიზება გაუკეთა ხელისუფლებამ, შეიძლება დამანგრეველო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მოხალისე რას ნიშნავს? შენ გააგზავნე – სხვაა და თვითონ წავიდა – სხვა,”- განაცხადა ვოლსკიმ.