ჯო ბაიდენი – ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინაში

ჩვენ გამოვყოფთ მილიარდ დოლარზე მეტს უკრაინისთვის და გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავიანთი ქვეყნის დაცვაში, თუმცა, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ აღვნიშნო, ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, აშშ-ის ძალები არ მიდიან ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, არამედ ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ მისი თქმით, პუტინი გადაწყვეტს, დასავლეთით სვლა განაგრძოს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ უკრაინელების მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ მათ ბრძოლაში თავისუფლებისთვის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული დახმარების სახით. პირდაპირი დახმარების სახით, ჩვენ გამოვყოფთ მილიარდ დოლარზე მეტს უკრაინისთვის და გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას თავიანთი ქვეყნის დაცვაში და მათი ტანჯვის შემსუბუქებაში. თუმცა, ნება მიბოძეთ, მკაფიოდ აღვნიშნო, ჩვენი ძალები არ არიან ჩართული და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში რუსეთის ძალებთან უკრაინაში. ჩვენი ძალები არ მიდიან ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, არამედ ჩვენი ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გადაწყვეტს, დასავლეთით სვლა განაგრძოს. ამ მიზნისთვის ჩვენ მობილიზებული გვყავს ამერიკის სახმელეთო ძალები, ავიაცია, ხომალდები, რათა დავიცვათ ნატო-ს მოკავშირეები, მათ შორის პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. როგორც მე მკაფიოდ აღვნიშნე, აშშ და ჩვენი მოკავშირეები მთელი ჩვენი კოლექტიური ძალით დაიცავენ ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რომელიც არის ნატო-ს ტერიტორია“, – განაცხადა ბაიდენმა.