სანქციების კუთხით მოლდოვას საქართველოს იდენტური პოზიცია აქვს, თუმცა მე იქ ვერ ვხედავ საზოგადოების და ოპოზიციის ისეთ რეაქციას, რასაც აქ ვაწყდებით და ეს აჩენს ეჭვებს – დავით ზალკალიანი

ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა არის დემარშის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც მიმართავენ დიპლომატიური ურთიერთობების დროს. ეს არ არის ყველაზე მწვავე ფორმა და ჩვენც გვქონია ასეთი შემთხვევა,- ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის”  ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„გარკვეული პერიოდით ელჩი გამოწვეული გვყავდა უკრაინიდან, რაც უკავშირდებოდა იყო ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, და მისი, როგორც უკრაინის მოქალაქის საქართველოს საქმეებში ჩარევას და საარჩევნო კამპანიის დროს დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს. კონსულტაციების შემდეგ ჩვენი ელჩი დაბრუნდა და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება – გაცილებით უფრო შემჭიდროებულ ვადებში ელჩი დაბრუნდება საქართველოში და ჩვეულებრივად გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები. მე ვერ ვხსნი იმ გადაწყვეტილებას, თუ რატომ არ გაიწვია უკრაინამ ელჩი, მაგალითად ბელარუსიდან. მქონდა კომუნიკაცია ბევრ კოლეგასთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ქვეყნების შორის ურთიერთობის გამოცდილება აქვს, და ძალიან რთული ასახსნელია ეს ყველაფერი. დემარშის ეს დაბალი ფორმაც კი არაა გამოყენებული ამ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი. მეჩვენება, რომ ეს ორკესტრირებულ პროცესს ჰგავს და ამას თბილისშიც მოჰყვა გარკვეული მოვლენები. საზოგადოებაშიც ეს ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. მოლდოველ კოლეგასაც ვესაუბრე ამ და სხვა თემებზე. მათაც იდენტური პოზიცია აქვთ სანქციების კუთხით, თუმცა მე იქ ვერ ვხედავ საზოგადოების და ოპოზიციის ისეთ რეაქციას, რასაც აქ ვაწყდებით თბილისში, და ეს ყველაფერი აჩენს ეჭვებს“, – აცხადებს ზალკალიანი.