სოზარ სუბარი – რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია და მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როდესაც ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება

რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ რეზოლუციის პროექტს ოპოზიცია მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, ევროპასთან ყოფნა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანია.

„ევროპული არჩევანი და ევროპასთან ყოფნა არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, ეს არ არის რომელიმე ეპოქის ან პოლიტიკური გუნდის განწყობა. ევროკავშირში გაწევრიანება არის უახლოესი დროის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაშიც და რომელსაც სხვათა შორის, არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. იმედია, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. თუ დოკუმენტის შინაარსსა და სულისკვეთებაზე ვთანხმდებით, დანარჩენ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავარი სამუშაოა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია ცალმხრივად არ ხდება. ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი, თუ არ იქნება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანხმობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარადგინა.