სოზარ სუბარი – მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით აპირებს, საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ჩვენ ერთადერთი სამშობლო გვაქვს და მასზე უნდა ვიზრუნოთ

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც უფრო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ვიდრე საქართველო და ქართველები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით აპირებს, ურთულეს წუთებში საქართველოში სიმშვიდე იყოს შენარჩუნებული.

„ისეთ რთულ ვითარებაში ვართ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში იმყოფებიან და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ ერთადერთი სამშობლო გვაქვს და მასზე უნდა ვიზრუნოთ, სხვაგან ვერ გავიქცევით. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია მხარს უჭერს არა უკრაინას, არამედ მომხდარ კატასტროფას ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებენ. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით აპირებს, რომ ამ ურთულეს წუთებში საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. თუ ამ მშვიდობას რაიმე დაემუქრა, არ ვიცით, ხვალ სამშობლო, სახელმწიფო გვექნება თუ არა. კარგად ვხედავთ, რომ ევროპისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მეტი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი აქვთ, თავს იკავებენ იმისგან, რომ მათი ქვეყნების უსაფრთხოებას რაიმე დაემუქროს. ეს არის მთავრობის ამოცანა და ამას საქართველოს მთავრობა განახორციელებს. არ უნდა დავუშვათ ომი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ გადავიტანეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.