„ნაცმოძრაობის”  წევრები ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით,  კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია – ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის”  წევრები ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით,  კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას.

„ უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საჯაროდ ვერ ბედავენ და გაურბიან პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო სამხედრო კონფლიქტში ან უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ სანქციები. ქვეყნის ომში და სანქციებში ჩათრევის ფარული მცდელობების ნაცვლად, მათ ურჩევნიათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხებზე.

ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას და ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია.

საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს, ასევე არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის, მაგრამ ჩვენს მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი. საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს უკრაინელი ხალხისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ამ პრინციპების დასაცავად, საქართველო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს.

ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენს ამბიციურ საპროგრამო გეგმას 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების თაობაზე, დღეს აქვს შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის გარშემო.

ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადი სანქციების დაწესებასა და შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმესი შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის.

ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა”,- განაცხადა კობახიძმ.