ფრანგული მედია – მაკრონის ვარაუდით უარესი ჯერ კიდევ წინ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრის შემდეგ, პესიმისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ამის შესახებ  ფრანგული მედია BFM-ი იტყობინება.

ემანუელ მაკრონთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ გააგრძელებს შეტევას და მისი მიზანია, მთელ უკრაინაზე კონტროლის აღება. ვლადიმირ პუტინმა ასევე დაადასტურა რომ მისი მიზანია უკრაინის დენაციფიკაცია, როგორც მან ეს ომის დასაწყისშივე განაცხადა.

„პრეზიდენტი მაკრონის ვარაუდით, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა. რუსეთის ამბიცია არის მთელი უკრაინის აღება. ვლადიმერ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა,” – იტყობინება ელისეი სასახლე.

როგორც მედია წერს, მხარეთა შორის გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს განუცხადა, რომ „რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება“. პუტინის თქმით, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ, სიტუაცია დაიძაბება.