კრემლი, “რულეტკა” და საქართველოს ეკონომიკა – წამზომი ჩართულია! გამოსავალი არსებობს!…

დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი, საზოგადოება “ივერია”

საქართველოს ხელისუფლება “საუკეთესო წლის” ბოლოს აბსოლუტურად გაკოტრდა. გაკოტრდა იმიტომ, რომ მისი სახელმწიფო პოლიტიკა “რულეტკის” თამაშს ჰგავდა. განა იმიტომ, რომ არ აცნობიერებდნენ თუ რას აკეთებდნენ და საით მიჰყავდათ ქვეყანა, არამედ, იმიტომ, რომ მთავარი რასაზეც ისინი ფიქრობდნენ და წუხდნენ შეგვიძლია მოკლედ ჩამოვაყალიბიოთ: “გადაურჩებით ხალხს თუ ვერა”? ვერა ბატონებო, ვერ გადაურჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზედმიწევნით შეასრულა კრემლიდან წამოსული ინსტრუქციები და საქართველო კვლავ არშემდგარ სახელმწიფოდ გადააქცია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად მაინც მოახერხა საზოგადოებაში ფასეულობათა აღრევა და მისი დეზორიენტირება. მიუხედავად იმისა, რომ ისე დააბეჩავა ამომრჩეველი, რომ ზოგი ათ ლარად იყიდა, ზოგს ესეც არ აღირსა, მაინც ვერ გადაურჩებით. იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ათასწლეულობის მანძილზე თვითგადარჩენის უნიკალური უნარი აქვს გამომუშავებული. სხვანაირად აქამდე ვერ მოვაღწევდით. ვერ გადარჩებით იმიტომ, რომ არა მარტო სახელმწიფოს შეუქმენით ეგზისტენციაური საფრთხეები, არამედ თითოეულ ოჯახს დაემუქრა შიმშილისა და უპოვრობის საფრთხე. თქვენ უკვე გაკოტრებული პოლიტიკური ძალა ხართ და თქვენი ფასი იმ თანხის ათ პროცენტსაც აღარ შეადგენს რაც თქვენში ბიძინა ივანიშვილმა და კრემლმა ჩადო.

ახლა უკვე “ქართული ოცნება” და თავად ბიძინა ივანიშვილი დგება ყოფნა არ ყოფნის საკითხის წინაშე. აი ზუსტად აქ დაგაღალატებთ თქვენი უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არანაირი გამართული და მწყობრი გეგმა, რათა შეინარჩუნოთ ხელისულება და გადაირჩინოთ თავები თქვენ უკვე აღარ გაგაჩნიათ. დარჩენილები ხართ მხოლოდ ვირეშმაკობისა და “წითელი ინტელიგენციის” ამარად. კრემლსაც კი აღარ სცალია თქვენთვის.

ახლა კი მოკლედ, თუ რაში მდგომარეობს ხელისუფლების ვირეშმაკობა:

ბევრი მაგალითით არ მოგაწყენთ თავს. 2017 წლის ბიუჯეტის პარლამენტში განხილვისას ქართული ოცნების მითითებით დარიგდა სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორ გაუფასურდა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაზში. ვირეშმაკობის მთავარი არსი იმაშია, რომ სიმართლე ნახევრად თქვა. თან ისეთ საკითხებზე და ისეთ ხალხს უთხრა, ვისაც არა აქვს სათანადო განათლება. სულაც არ არის სავალდებულო, რომ ყველა მოქალაქე ეკონომისტი იყოს და მაკროეკონომიკური ანალიზის უნარი ქონდეს. ამიტომ, მინდა ძალიან მარტივად გითხრათ თუ, რატომ არ ვარგა ეს მაგალითები ქართული რეალობის სწორად აღსაქმელად და რატომ არის ხელისუფლების ეს მცდელობა ხალხის კიდევ ერთხელ გაბრიყვების მცდელობა?

მაგალითად ჩინეთის ეროვნული ვალუტა თუ გაუფასურდება, ამერიკულ დოლართან მიმართებით ჩინელებს ერთ თვიანი ზეიმი ექნებათ. იმიტომ, რომ ეს ფაქტი ჩინური ექსპორტის დიდი წარმატება იქნება მსოფლიო ბაზარზე. ჩინეთი ხომ ამერიკის მთავარი საექსპორტო კონკურენტია და ჩინური ვალუტის კურსის დასუსტება გაცილებით მომხიბვლელს და კონკურენტუნარიანს გახდის ჩინურ საქონელს, მისი ღირებულების კომპონენტში. დაახლოებით იგივე ვითარებაა თურქეთთან მიმართებაში. იმიტომ, რომ თურქეთიც უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა. ამას ემატება ის პოლიტიკური დესტაბილიზაციის ტალღა რაც თავს დაატყდა თურქეთს ბოლო წლების მანძილზე. აზერბაიჯანი და რუსეთი მითუმეტეს ვერ გამოდგება მაგალითად. იმიტომ, რომ ეს ნავთობმომპოვებული ქვეყნებია და მათი ბიუჯეტის ლომის წილი ნედლი ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. შესაბამისად ამ ორი ქვეყნის მთავრობამ თავად შეუწყო ხელი საკუთარი ეროვნული ვალუტის იმ ნიშნულამდე გაუფასურებას, რომ საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულების საფრთხე არ დადგომოდათ. ანუ, ნავთობის გაყიდვით დოლარში მიღებული შემოსავლები ისეთი კურსით გადაახურდაონ შიდა ბაზარზე, რომ მიღებული თანხა კომფორტული იყოს საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ანუ, როგორც უკვე ვთქვი: აზერბაიჯანმაც და რუსეთმაც თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი ეროვნული ვალუტის კურსის დასუსტებას. ერთადერთი გამონაკლისი უკრაინაა. მაგრამ, ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინა მეორე წელია სრულმასშტაბიან ომშია ჩაბმული და მნიშვნელოვნად არის შერყეული მისი ეკონომიკური პოტენციალი. გარდა ამისა, უკრაინამ თავი ვერ გაართვა ტოტალურ კორუფციას, რაც თავის მხრივ ართულებს მის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველო არც ექსპორტიორი ქვეყანაა და არც ნავთობის მომპოვებელი, რომ “ქართული ოცნების” მიერ პარლამენტში წარმოდგენილი მაგალითები რაიმე პარალელს ავლებდეს საქართველოს ეროვნული ვალუტის კატასტროფულ მდგომარეობასთან. შექმნილი მოცემულობა ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური ნგრევის შედეგია, რაც მთლიანად ჩვენი ხელისუფლების ნამუსზეა. ზუსტად ეს იყო კრემლის დავალება და ზუსტად ამას ემსახურებოდა ამ ოთხი წლის მანძილზე ივანიშვილის ხელისუფლება. ძლიერი საქართველო ხომ მთლიანად ანგრევს “რუსული სამყაროს” კონცეფციას.

ცოტათი საბიუჯეტო ბატალიებსაც შევეხები: მთელი ორომტრიალი უკავშირდება მოსალოდნელი რეცესიის (ქვეყნის ეკონომიკის შემცირება) ფონზე ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის ფიქტიურ მცდელობას. რათა ხელისუფლებამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროექტები არ დაკარგოს, როგორც პირადი გამდიდრების ჩინებული წყარო და ბიუჯეტის შევსების უკანასკნელი მცდელობა. თუ ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დასაშვებ 3%-ს აცდება, მაშინ ყველა საერთაშორისო პროექტს საფრთხე დაემუქრება და არა მარტო ამ პროექტებს. ზუსტად ამ მსუყე ლუკმის დაკარგვა არ უნდათ გაზულუქებულ მმართველებს. მადლობა ღმერთს ძირითადი გადასახადების გაზრდა კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. თორემ, მარტო აქციზების გაზრდას არ გვაკმარებდნენ. თუმცა, ახლავე ვიტყვი, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი ეკონომიკური გეგმა ცალსახად შეაფერხებს ქართული ეკონომიკის ისედაც სავალალო მდგომარეობას და კიდევ უფრო დააბეჩავებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მდგომარეობას. ერთადერთი რასაც ის ემსახურება არის სწორედ ბიუჯეტის გარდაუვალი და დაუშვებელი დეფიციტის ფიქტიური დაფარვა, შენიღბვა. შესაბამისად, მომავალ 2017 წელს გარდაუვალია საბიუჯეტო კრიზისი. იმიტომ, რომ ეკონომიკის რეალური სექტორის შემცირების შედეგად ყველაზე დიდ დარტყმას ბიუჯეტი მიიღებს საგადასახადო შემოსავლების კუთხით. ჩავარდება საშემოსავლო, დამატებითი ღირებულების და მოგების გადასახადების შემოსავლების გეგმა. საერთაშორისო კრედიტებს დაქცევის პირას მდგარი ეკონომიკის მქონე ქვეყანას არავინ მისცემს. შესაბამისად მომდევნო წელს ჩვენ გავხდებით შევარდნაძის დროინდელი ეპოქის დაბრუნების მოწმენი. როცა გვიანდებოდა ისედაც გაუფასურებული ხელფასებისა და პენსიების გაცემა. შემცირდება ჯარისა და პოლიციის დაფინანსება. რაც დაარტყავს ქვეყნის უსაფრთხოებას და გაიზრდება კრიმინალი. გაცილებით უფრო გაიზრდება კორუფციის დონე. იმიტომ, რომ უხელფასოდ დარჩენილი სახელმწიფო მოხელეები დაიწყებენ “ჩალიჩს”. კატასტროფულად ჩავარდება საყოველთაო თუ უკვე არასაყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაც და საავადმყოფოები პაციენტებს “ზალოგში’ დაიტოვებენ. კიდევ ბევრი შემიძლია ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ ლაპარაკით არაფერი შეიცვლება. თუმცა, ესეც აუცილებელია. რათა მოსახლეობას რეალობის ზუსტი აღქმა ჰქონდეს.

ეკონომიკური კრიზისის წყარო პოლიტიკურ სიბრტყეშია და ბიძინა ივანიშვილის თაღლითური ხელისუფლების თავიდან მოშორების გარეშე არაფერი გვეშველება. კატასტროფა გარდაუვალი გახდება. ამიტომ, ეკონომიკაზე კი არ უნდა ვიკამათოთ კოლაბორაციონისტ ხელისუფლებასთან. არამედ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. სხვა გამოსავალი ივანიშვილმა უბრალოდ არ დაგვიტოვა.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და ახალი წლის დადგომისთანავე ეს “ბიუჯეტის ჭიები” დაიწყებენ წლევანდელი უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანებების აქტიურად დაფარვას. ამიტომ, ლარის დევალვაციის ახალი ტალღა უკვე საახალწლო დღესასწაულის დასრულებისთანავე დაიწყება. რაც თებერვლის თვეში უაღრესად მძიმე სავალუტო კრიზისში გადაიზრდება. ამ კრიზისის ხარისხი კი იმდენად მწვავე იქნება, რომ მიჭირს კიდეც ლარის სავარაუდო კურსის მეტ-ნაკლებად ზუსტად დასახელება.

ბოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი: ამ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთად-ერთი გზა ხელისუფლების უსწრაფესი შეცვლაა. ასევე მინდა მივმართო ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს: ხელისუფლებასთან პოლემიკისას ნუ უთმობთ ძირითად დროს ეკონომიკურ საკითხებზე დავას. ეს მხოლოდ ახანგრძლივებს ხელისუფლების დღეებს. ბრძოლის სათავეში პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დავაყენოთ. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის უფლება კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. კონსტიტუცია კი უზენაესი კანონია.

კომენტარის დატოვება