თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან, ეროვნების მიუხედავად უნდა მივცეთ საქმის კეთების საშუალება – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თუკი ადამიანები, წარმოშობის მიუხედავად, „რეჟიმს გამოურბიან“, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მათ საქმის ლეგალურად წარმოების საშუალება მისცეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუწესებს თუ არა საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ პირებს სამეწარმეო საქმიანობაში, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს:

„საქართველო არის თავისუფლების ერთ-ერთი იშვიათი კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, არის საინტერესო“.

მინისტრის თქმით, საქართველო საინტერესოა „იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება“. მისი თქმით, ამისთვის „საქართველო განხსნილია და გახსნილი იყო ათწლეულები“.

„ამიტომ, ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, – მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტოლერანტობა ყოველთვის ეგეთი იყო, ეროვნებისა თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად, – მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად საქმის კეთების საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა 7 მარტს მთავრობის სხდომის შემდეგ.