საქართველო არ უნდა იქცეს ხვრელად რუსეთის მთავრობის და მოქალაქეებისთვის დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად – გიორგი კანდელაკი

დღეს, დასავლური სანქციების და პოლიტიკის ნაწილი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბოიკოტით არის დაკავებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუწიოს დახმარება რუსეთის ფედერაციას, მის კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს და რუსეთის მოქალაქეებს, სანქციებისგან თავის არიდებაში.

„არავითარ შემთხვევაში საქართველო არ უნდა იქცეს ხვრელად და არ უნდა გაუწიოს დახმარება არც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს, არც მის კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს, არც კერძო მოქალაქეებს სანქციებისგან თავის არიდებაში. დღესდღეობით როგორც ვხედავთ, სახეზე არის ის, რომ საქართველოს გამოყენებით, როგორც რუსეთის სახელმწიფო, ასევე, ცალკეული მოქალაქეები ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას.

გასაგებია, რომ საქართველო დიდ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას სანქციებთან მიერთებით, მაგრამ მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ყოფილიყო მთელი ამ წლების განმავლობაში, უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლა, ჩვენივე პრობლემების აქტუალიზაციისთვის.

დღეს დასავლური სანქციების და პოლიტიკის ნაწილი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბოიკოტით არის დაკავებული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გინდ მაღალი და გინდ დაბალი თანამდებობის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმით არიან დაკავებულები, ახლა არ აქტიურობა საქართველოს დეოკუპაციაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმის ტოლფასია,“ – განაცხადა კანდელაკმა.