მსოფლიოს მოტყუება, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ოკუპანტის მხარესაა, არის მტრული კამპანია არა ხელისუფლების, არამედ – ქვეყნის წინააღმდეგ – მამუკა მდინარაძე

„ხელისუფლებას, შესაძლოა, სხვაგანაც აკრიტიკებდნენ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, საქართველო ერთადერთი მაგალითია მსოფლიოში, სადაც ამგვარი კამპანია წარმოებს – უნდათ, თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას რაღაც იარლიყი მიაწებონ და ამას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, უკვე ქვეყნის გარეთაც აკეთებენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილი გააზრებულად ემსახურება ქვეყნისთვის საზიანო საქმეს.

„სულ რომ იმას ფიქრობდე, რასაც ისინი ამბობენ აკეთებენ, ეს გაიტანო ქვეყნის, ოჯახის გარეთ და მსოფლიოს მოატყუო, რომ საქართველოში არის ისეთი განწყობები და ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის ოკუპანტის მხარესაა, ამას ჰქვია მტრული კამპანია არა ხელისუფლების, არამედ – ქვეყნის წინააღმდეგ. ამის გათავისება ზოგიერთს უჭირს, ზოგიერთი შეგნებულად არ ითავისებს, რადგან ასე აწყობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.