ეროვნული ბანკი – საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები Мир-თან არ თანამშრომლობენ, ამ სისტემით ოპერაციები რუსეთში ხორციელდება და მას ჩვენს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები, გადახდების სისტემების კომპანია Мир-თან არ თანამშრომლობენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

„ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით, შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიის თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, -აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.