ალექსანდრე კობაიძე პრეზიდენტს მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეების შეწყალების თხოვნით მიმართავს

,,კარგი იქნება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოძმე ერს და ჩვენც შევიწყალოთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლა,” – ასე მიმართავს უფლებადამცველი და პარტია ,,პროგრესული საქართველოს” ლიდერმი ალექსანდრე კობაიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და უკრაინის მოქალაქეებს შეიწყალებს.

,,დღეს მოვედი პრეზიდენტთან და ვითხოვთ, რომ შეიწყალოს ის ადამიანები, რომლებიც არიან ეთნიკურად უკრაინელები,  უკრაინის მოქალაქეები. მათ ძალიან სჭირდებათ, რომ დაეხმარონ თავიანთ ქვეყანას და შესაბამისად, ისინი მზად არიან, რომ იარაღით თუ იარაღის გარეშე ჩავიდნენ თავიანთ ქვეყანაში და იბრძოლონ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.

ქალბატონი სალომე ხშირად აჟღერებს, რომ ის არის ევროპული ცივილიზაციის მომხრე და რუსული ძალების მოწინააღმდეგე, რაც ძალიან მისასალმებელია. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება თუ ქალბატონი სალომე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და შეიწყალებს უკრაინის ყველა მოქალაქეს.

ეს იყო თავდაპირველად ზელენსკის ინიციატივა, რომელმაც შეიწყალა პატიმრები. ახლა კი, კარგი იქნება, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოძმე ერს და ჩვენც შევიწყალოთ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლა.” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.