ნატო არ აპირებს ამ ომში ჩართვას, ვცდილობთ არ დავუშვათ, რომ რაიმე ინციდენტმა ამისკენ გვიბიძგოს – ჟოზეფ ბორელი

ნატო არ გახდება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე, იმიტომ რომ ეს მესამე მსოფლიო ომში შეიძლება გადაიზარდოს. ამის შესახებ ესპანურ ტელეარხ La Sexta-სთან ინტერვიუში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლებლობას ნატოს ჩართვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, ბორელმა განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა არც კი განიხილება.

„ნატო არ აპირებს ამ ომში ჩართვას. ამის შესახებ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმაც და აშშ-ის პრეზიდენტმაც. ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომი, ბირთვული ომი. ვცდილობთ არ დავუშვათ, რომ რაიმე ინციდენტმა ამისკენ გვიბიძგოს“, – განაცხადა ბორელმა.